სომეხ მომღერალთა ჯგუფმა, სომხეთის საზოგადოებრივ ტელევიზიას „ევროვიზიის“ კონკურსის ბოიკოტირების თხოვნით მიმართა. როგორც ცნობილია, კონკურსი ბაქოში 2012 წლის მაისში უნდა გაიმართოს. მომღერლებმა წერილობითი მიმართვა შეადგინეს და განაცხადეს, რომ ამის მიზეზი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი მორიგი ინციდენტია, რომლის დროსაც სნაიპერის მიერ სომხეთის სამხედრო ძალების ჯარისკაცი იქნა მოკლული...
აზერბაიჯანი შემთხვევას არ უშვებს ხელიდან, სომხების სისხლი რომ არ დაღვაროს - ნათქვამია მიმართვაში. „ჩვენ უარს ვაცხადებთ იმ ქვეყანაში გამოსვლაზე, რომელსაც სომეხი ეროვნების ადამიანების, თუნდაც არა სომხეთის მოქალაქეების, მკვლელობები და დევნა, სახელმწიფოებრივ რანგში აქვს აყვანილი“ - აცხადებენ მიმართვის ავტორები.
მომღერლების თქმით, ისინი მზად არიან წავიდნენ „ევროვიზია 2012“-ზე იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი კონკურსის სხვა ქვეყანაში გამართვის გადაწყვეტილებას მიიღებს, „იქ სადაც ჰარმონიული ატმოსფეროა და კონკურენციის თანაბარი პირობები“.
წერილს ხელს დაახლოებით 20-დე ცნობილი მომღერალი აწერს. მიუხედავად ამისა, ჯერ საბოლოოდ მაინც არ არის გადაწყვეტილი, მიიღებს თუ არა სომხეთი საერთაშორისო მუსიკალურ კონკურში მონაწილეობას. ვრცელდება ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, კონკურსზე სომხეთის სახელით ამერიკული ჯგუფი System of a Down წარდგეს, რომლის წევრებიც სომხური წარმომავლობის არიან. საქართთველოდან „ევროვიზიაზე“, როგორც ცნობილია, ცნობილი ქართველი მომღერალი, ანრი ჯოხაძე წარდგება.
წყარო:presa.ge :[ანა ბერიძე]