ოკუპაციისა და ანექსიის მსხვერპლნი - გალაკტიონის მეუღლე - ოლღა ოკუჯავა

გალაკტიონის პირველი მეუღლე ოლღა ოკუჯავაც საქართველოს გასაბჭოების მსხვერპლია. მსხვერპლია თვითონ დიდი პოეტიც, რომელსაც საყვარელი მეუღლე მოუკლეს და სიცოცხლე გაუმწარეს ბოლშევიკებმა...

ოლღა ოკუჯავა ცნობილი, ძველი ბოლშევიკების და გახლდათ.
გალაკტიონი და ოლღა რევოლუციამდე, 1916 წელს დაქორწინდნენ. გალაკტიონს თავისი ცოლისადმი აქვე მიძღვნილი თავისი ერთ-ერთი გენიალური ლექსი „მზეო თიბათვისა“ („მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა / ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები / იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით / ფრთებით დაიფარე ამას გევედრები“...)
საქართველოს გასაბჭოებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ქართველმა მამულიშვილებმა აჯანყება მოაწყვეს. როგორც ცნობილია, სხვადასხვა მიზეზების გამო, აჯანყება დამარცხდა. 1924 წლის აჯანყებისათვის გალაკტიონს მიუძღვნია პოემა „მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა“. ეს არ აპატიეს დიდ პოეტს და დააპატიმრეს. სამი დღე იმყოფებოდა მეტეხის ციხეში, სადაც უამრავი ადამიანის ტანჯვა იხილა.
გალაკტიონს და მის მეუღლეს ძალიან უჭირდათ ფინანსურად. ცხოვრობდნენ მძიმე პირობებში.
საბჭოთა სახელმწიფოში შიდა-პოლიტიკური ბრძოლები მიმდინარეობდა. 1920-იანი წლების ბოლოდან მისდგნენ ძველ ბოლშევიკებს, სტალინის ძველ მოწინააღმდეგეებს და მათი დევნაც დაიწყეს. დააპატიმრეს ოლღა ოკუჯავას ძმა, მიხეილ ოკუჯავა. ამის მიზეზი ე. წ. ნაციონალურ პოლიტიკაში შეიძლება ვეძებოთ. ოლღა ოკუჯავას ძმა, მიხეილ ოკუჯავა, ბუდუ მდივანი და სხვები, წინააღმდეგი იყვნენ სტალინისა და მისი ნაციონალური პილიტიკისა. სხვა საკითხებშიც არ ეთანხმებოდნენ.
ისინი კი იყვნენ ბოლშევიკები, მაგრამ სურდათ თავისი ქვეყანა ენახათ ცალკე სახელმწიფოდ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში და არა ამიერკავკასიის ფედერაციის საშუალებით გაერთიანებული საბჭოთა სახელმწიფოში.  შემდეგ მათ ნაციონალ- უკლონისტები უწოდეს. ისინი, ასევე არ იყვნენ მომხრე ქართული ტერიტორიების გასხვისებისა. როცა სტალინი მომძლავრდა ხელისუფლებაში, გადაწყვიტა ძველი მოწინააღმდეგეებისათვის სამაგიერო გადაეხადა. ასე ეწიათ ძველ ბოლშევიკებს ცოდვა, რუსი დამპყრობლების საქართველოში შემოყვანისთვის...
სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ ოლღასა და მიხეილის ძმა შალვა, სულაც არ იყო ეროვნულად განწყობილი და სასტიკი პიროვნება ყოფილა... ოლღასა და მიხეილის მესამე ძმაც, ნიკოლოზი (კოლია), როგორც ჩანს, შალვას გზით მიდიოდა. ის საქართველოს პროკურორი იყო...
მოკლედ, 1929 წელს ოლღა ოკუჯავა დააპატიმრეს და შუა აზიაში, უზბეკეთში გადაასახლეს. „ცხოვრების ეტლის სადარდებელი / საცაა გავა მატარებელი, / მიემგზავრება იმედი ჩემი / ბედის ვარსკვლავის სადარებელი“...
გალაკტიონი თბილისში დარჩა და სასმელს მიეძალა. 1932 წელს გალაკტიონს მიანიჭეს ლენინის ორდენი, პენსია დაუნიშნეს, უწოდეს სახალხო პოეტი, გადაუხადეს ლიტერატურული მოღვაწეობის 25 წლის საიუბილეო საღამო ოპერაში. მისი მეუღლეც დაბრუნდა გადასახლებიდან...
გალაკტიონი თან გაამწარეს, თან „დააჯილდოვეს“. ეს ცინიზმიც არის და რუსულ-იმპერიალისტური ფსიქოლოგიური ტრიუკიც.
1937 წელს ოლღა ოკუჯავა ისევ დააპატიმრეს. ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს, მერე ვლადიმირის ციხეში გაამგზავრეს, შემდეგ გადაიყვანეს ორიოლის ციხეში. ციხიდან უგზავნიდა  გალაკტიონს წერილებს. წერილები შეწყდა 1941 წლის 30 აგვისტოს. ამით გალაკტიონი მიხვდა, რომ მისი მეუღლე ცოცხალი აღარ იყო.
გალაკტიონს აიძულებდნენ უარი ეთქვა თავის იდეალებზე, აღარ დაეწერა ისეთი ლექსები, რომლებიც მის სულიერ სამყაროს გამოხატავდა.. ძირითადად ეს ვერ მოახერხეს, მაგრამ თავისუფლებაშეზღუდული დიდი პოეტი ფსიქოლოგიური წნეხის მსხვერპლი მაინც გახდა.
დღეს, გავიხსენოთ გალაკტიონის ერთი წერილი ოლღა ოკუჯავასადმი, რომელიც 1918 წელსაა დაწერილი. ძალიან უნდოდათ ბედნიერება ცოლ-ქმარს, მაგრამ...
ოლოლ! გამარჯვება!
შენი წერილი მივიღე და ძალიან ვხარობ. ჩემო ოლოლ, რა საჭიროა დარდი და წუხილი? რა საჭიროა, რომ ყოველ წუთში შავი ფიქრები გიტრიალებდეს თავში? უნდა ეცადო, რომ მწარე წუთები ტკბილ წუთებად  წარმოიდგინო, უნდა ჩაჰკლა  მწუხარება გულში. ჩვენი სიცოცხლე ისე ხანმოკლე და უდღეურია, რომ  არავითარი ფასი არ ექნება მას, თუ ის ისე არ  გავატარეთ, როგორც ჩვენ გვსურს. ცხოვრება უნდა მოვაწყოთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. აი თავი და თავი მიზანი ბედნიერების.
ნუ  გეწყინება, ოლია, და მე პირდაპირ გეტყვი: შენ  სრულიადაც არა ხარ უბედური ადამიანი, ანდა თუ ხარ, იმდენათ, რამდენადაც ყოველი ჩვენგანი. მაშ რატომ უნდა ემდუროდე შენს ბედს? შენ  უყვარხართ და შენ გიყვარს!
მაშ, რატომ ხარ უბედური?
ამბობ, რომ ავადა ვარო. მაგრამ მცირე ექიმობა და, შენც  თავისუფალი იქნები. თუ იმდენად სულელია ადამიანი, რომ ექიმთან მისვლაც არ შეუძლია და ვერ მოუხერხებია, იმისი ხომ არაფერი ღირს!
ოლია, ნუ სწუხარ დაკარგულ იმედებს და  აუსრულებელ მიზნებს – დაივიწყე!
არაფერი იმაზე  სამწუხარო არა არის რა, როცა ადამიანი ვერ შეიგნებს თავის  მდგომარეობას.  ერთადერთი  საუკეთესო ხანა ჩვენს  ცხოვრებაში – სიყმაწვილეა,  ახალგაზრდობაა. როცა ამ ხანასაც  სიმწუხარეში ვკლავთ, გვინდა, რომ  მწუხარებაში ვიყოთ, ამაზე უფრო სიგიჯე  ქვეყანაზე იქნება? ჩვენ ვფიქრობთ, თითქო ჩვენი მწუხარებით  ვალამაზებთ ცხოვრებას, თითქო  მწუხარება თვითონ ჩვენ  გვალამაზებს და რაღაც  ფანტასტიურ არსებებათ გვქმნის.
ნამდვილად კი იმგვარი  მწუხარება და ნაღველი, რომელშიდაც ჩვენ  ვიმყოფებით, ჩვენ  გვამახინჯებს...  საშინლად  გვამახინჯებს, სასაცილო ადამიანებად გვხდის. ყოველ წუთში ენაზე გვაკერია: “ტანჯვა”, “გამოუთქმელი  მწუხარება”, “სულის  სიცარიელე” და სხვ. და სხვ. მაშინ, როდესაც ჩვენ,  ახალგაზრდები უნდა  გავიძახოდეთ: “სიცოცხლე”, “სიხალისე”, “ბედნიერება”-თქო. თუ არც  სიხალისეა, არც  ბედნიერება, არც სხვა რამე, ჩვენ უნდა შევქმნათ, გესმის, ჩვენ უნდა შევქმნათ  ბედნიერება. გახსოვდეს, რომ  სიყმაწვილე  ბედნიერებისთვისაა შექმნილი, თუ  სიყმაწვილეშიაც უბედურად  წარმოვიდგინეთ თავი, რაღა უნდა ვქნათ მაშინ, როცა  სიყმაწვილეს  გადავცდებით. რას ვიზამთ მაშინ, როცა  ცხოვრების  აღსასრული მოვა და ჩვენ სრულიად გავქრებით დედამიწის ზურგიდან?
ოლია, არ გაუშვა არც ერთი წუთი, რომელიც  ბედნიერებას  მოგანიჭებს! უამისოდ ფუჭია მთელი ცხოვრება. Жизнь на радость нам дана!
თავს  მოუფრთხილდი, ოლია! თუ  ჯანმრთელობა არ იქნა, რად გინდა რამე? მთელი შენი “настроение” - ბი და  იმისთანები სულ  იმისგანაა, რომ თავს არ უვლი. აი თუნდაც შენი საჭმელი. არაფერს არ სჭამ და რა გასაკვირველია, რომ ავად იყო. ოლია, თუ გინდა, რომ ორივენი როდისმე მაინც  ბედნიერები ვიყვეთ, უპირველესად გახდი ჯანმრთელი, მხიარული,  სიცოცხლით სავსე, სავსე იმედებით, რწმენით!  ცხოვრებასთან  გასამკლავებლად საჭიროა როგორც მშვენიერი და სიხალისით სავსე სული, ისე ჯანმრთელობა, ჯანმრთელობა და  ჯანმრთელობა!
ოლია,  საზაფხულოთ უსათუოდ ერთად ვიქნებით სადმე... აი ნახავ. თუ საზაფხულოთ არა, მოსკოვში ხომ მაინც... თუ  მოსკოვშიც არა, როდისმე ხომ მაინც ვიქნებით ერთად? ჯანი გავარდეს. მე ძალიან გული  დამწყდება, თუ წელს ვერსად ვერ წავედი, ისე გულით მინდა, მაგრამ რა გავახერხო?  სტიპენდიაზე ფიქრი ტყუილია. სხვაფრივ კი არ შეიძლება.
მალე ზაფხულიც მოვა. ჩამოვლენ  სტუდენტები და  კურსისტკები რუსეთიდან,  საზღვარგარეთიდან. ააჭრელებენ მთელ ქუთაისს და პირდაპირ შხამით აგევსება ადამიანს გული მათი ცქერით. მეტისმეტად შურიანი რომ ვიყო, შეიძლება მეპატიებია ყველასათვის მათი  სტუდენტობა და ჯანდაბები, მაგრამ...
ოლია, მომწერე წერილი.
მაშ...
იცოცხლე, იმხიარულე, იყავი კარგად.
შ ე ნ ი  გ.
1914 წ. 18 თებერვალი,
საღამო.

წყარო:presa.ge :[გია მამალაძე]

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...