გერგეტის სამება - ქართული ხუროთმოძღვრების სიამაყე

გერგეტის სამების ტაძარი სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქიაში, დაბა სტეფანწმინდის (ყაზბეგი) ჩრდილოეთით, მდინარე თერგის შენაკად ჩხერის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მთის მწვერვალზეა აღმართული...
გერგეტის სამება ლანდშაფტთან შერწყმით და მიმზიდველი კომპოზიციით საქართველოს ძველი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა. ტაძრისა და სამრეკლოსათვის თერგის ხეობაში ისეთი მაღალი მთაა შერჩეული, რომელსაც ფონად მყინვარწვერი აქვს. ამ თეთრ ფონზე ნაგებობათა სილუეტები კარგადაა გამოკვეთილი. ავტორისათვის მთავარი იყო ხედი აღმოსავლეთიდან, რადგან მოსახლეობა მხოლოდ აქედან მოდიოდა და ხეობის მაგისტრალიც ამ მხარეზე გადიოდა. ისტორიული ხევის მაშინდელი ცენტრიც დღევანდელი რაიონული ცენტრის ადგილას უნდა ყოფილიყო. მაშინ აქ მდინარე თერგის მარცხენა მხარეს, სოფელი გერგეტი იყო, ხოლო მეორე მხარეს - სოფელი სტეფანწმინდა. სამების ტაძარი გერგეტს ეკუთვნოდა და ამიტომაც მას გერგეტის სამებას ეძახიან. გერგეტის სამება საქართველოს მთიანეთში ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია.
გერგეტის სამება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკულტო ნაგებობაა საქართველოს მთიანეთში. აქ არა მარტო ქართველი მთიელები, არამედ ჩრდილო კავკასიის და რუსეთის შორეული ადგილებიდანაც მოდიოდნენ სალოცავად. იგი ხევის უმთავრესი სალოცავია.
გერგეტის სამების ირგვლივ საკმაოდ დიდი ლიტერატურაა, მაგრამ მასში უშუალოდ ძეგლს მთლიანად არ იხილავენ. ისტორიული წყაროებიდან ვახუშტის ცნობაა ამჟამად ჩვენთვის საინტერესო. იგი წერს: „სტეფანწმინდის... დასავლით არის გერგეთი, არაგვს იქით კიდესა. ზეით ამისსა არს, მყინვარის კალთასა ზედა, მონასტერი სამებისა, გუმბათიანი, მცხეთის სამკაულის სახიზრად, სადაც ესვენა ნინოს ჯვარი, მშვენიერვაშენი, შვენიერს ადგილს“.
საუკუნეების განმავლობაში სამებასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული მოხევეების ცხოვრება. ტაძარზე მიშენებული სპეციალური ნაგებობა - „საბჭეო“ ჰქონდა. ტაძრის აგების დროიდანვე აქ იწერებოდა და ინახებოდა გერგეტის მატიანე „მოსახსენებელი სულთაი“, რომელიც არა მარტო ხევის ისტორიის უმნიშვნელოვანეს ფაქტებს შეიცავს, არამედ საქართველოს ისტორიის მრავალ საკვანძო საკითხსაც ნათელს ჰფენს. სამება „მცხეთის სამკაულის სახიზარსაც წარმოადგენდა“. ხანგრძლივი დროის მანძილზე აქ ესვენა ქართული ქრისტიანობის ერთ-ერთი უწმინდესი რელიქვია - წმ. ნინოს ჯვარი, რომლის ფლობის პატივს იგი მცხეთის სვეტიცხოველთან და თბილისის სიონთან ერთად ინაწილებდა.
ამასთან, სხვა ცნობების მიხედვით სამება მონასტერი იყო. ადგილზე შემორჩენილია ტაძარი, სამრეკლო და ყორედ ნაწყობი გალავანი. მონასტრისათვის საჭირო ნაგებობები არ შერჩენილა.
გერგეტის ანსამბლის არც ერთ ნაგებობას დამათარიღებელი წარწერა არა აქვს და ძეგლის შესახებ არსებულ საკმაოდ უხვ ისტორიულ დოკუმენტებშიც არ არის აღნიშნული მისი აგების დრო და ვითარება. გერგეტის სამების ტაძრის ხუროთმოძღვრულ-სტილისტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა იგი XIV საუკუნის პირველი ნახევრით დათერიღდეს, ხოლო ისტორიული წყაროების ურთიერთ შეჯერების შედეგად მისი თარიღის უფრო დაზუსტებაც ხერხდება: ტაძარი წარმოადგენს XIV საუკუნის 30-იანი წლების ნაგებობას.
გერგეტის სამების ტაძარს დასავლეთის მხარეზე აქვს შესასვლელი, რომელშიაც შებმულია რკინაგადაკრული ხის კარი. კარზე ჯვარია გამოსახული და ზედ გამწკრივებულია „საყარაულო რგოლები“. ტაძარს „საბჭოდან“ (ე.ი. სამხრეთის მხრიდან) აქვს კიდევ ერთი კარები, რომელსაც ხალხური გადმოცემით „სამეფო კარები“ ეწოდებოდა. ტაძრის აშენებიდან, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, ქართველი მეფეები ჩამოდიოდნენ გერგეტის წმ. სამებაში და სამეფო გვირგვინს აქ იდგამდნენო, ე. ი. აქ ხდებოდა სამეფო გვირგვინის კურთხევა. მეფეები თურმე ამ სამხრეთის კარიდან შედიოდნენ ტაძარში და ამავე კარიდან გამოდიოდნენ. ამიტომ ხალხმა ამ კარებს „სამეფო კარი“ უწოდა.

ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობებში გერგეტის სამების ტაძარი საშუალო ზომისაა. მას გრანდიოზულობას ანიჭებს მხოლოდ ადგილმდებარეობა და საერთო იერი. ადგილზე კი არ ტოვებს ასეთ შთაბეჭდილებას, მომცროდ გამოიყურება.
ტაძრის გეგმა გარე სწორკუთხედშია მოქცეული. როგორც ვთქვით ტაძარს ორი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან და დასავლეთიდან. პირველი შესასვლელი სიგანით შესამჩნევად ჭარბობს მეორეს. ეკლესიაში შესულს თუ თვალი შეჩვეული აქვს ამ ტიპის ნაგებობისათვის, მაშინვე იგრძნობს ქვედა ტანისა და გუმბათის იმ შეუსაბამობას, რომელიც იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. ინტერიერის სხვა მხარეები კი, ასე არ სჭრის თვალს.
ტაძრის საკურთხეველი ღრმაა. მართალია, ბემა აფსიდისაგან გამოყოფილი არ არის, მაგრამ ცალ-ცალკე იგრძნობა ორივე ნაწილის არსებობა. საკურთხევლის შუაზე დგას ტრაპეზი, რომელიც თავდაპირველი უნდა იყოს. საკურთხევლის გვერდით ნაწილებში თითო ოთხკუთხა სათავსია. ამათგან სამხრეთისა სადიაკვნეა და დარბაზთან სწორკუთხა კარითაა დაკავშირებული. იგი სამხრეთის მხრიდან ნათდება პატარა სარკმლით. ჩვეულებრივ კი, ასეთ სათავსებში ერთი სარკმელი თუ არის, იგი აუცილებლად აღმოსავლეთითაა. ოსტატს აქ ხელს არაფერი უშლიდა. როგორც ეტყობა, ეს სარკმელი მას ჭირდებოდა სამხრეთის ფასადზე მორთულობისათვის.
საკურთხევლის მეორე მხარეს მდებარე სამკვეთლო სადიაკვნეს ფორმას იმეორებს. ორივე შემთხვევაში ოსტატმა აფსიდალური დამთავრება უარყო, თუმცა, უნდა ითქვას, რომ აფსიდა სავალდებულო არასოდეს ყოფილა. სამკვეთლო ერთი სარკმლით აღმოსავლეთიდან ნათდება. იგი თითო კარით უკავშირდება საკურთხეველს და დარბაზს. სადიაკვნესა და სამკვეთლოს ზემოთ თითო სათავსია, ე.წ. სამალავები. იქიდან კი შეიძლება მოხვედრა კონქზედა სივრცეში. ამ სათავსთაგან სამხრეთისა სწორკუთხა გეგმითაა, ხოლო მეორე - ტრაპეციულით, ორივე სათავსი ნათდება აღმოსავლეთის მხრიდან, თითო პატარა სარკმლით. სამალავები მშენებელს ბოლომდე გაუკეთებია. ფაქტობრივად ეკლესია ორსართულიანია. ტაძრის ყველა მონაკვეთს აქვს დიდი ან პატარა მეორე სართული. აღნიშნულის გარდა, მცირე სართული ახლავთ: გვერდით ნავებს, საკურთხეველს, დასავლეთის მკლავისა და მცირე ზომის გვერდითი ჯვრის მკლავებსაც.
ტაძრის შიდა სივრცე ძირითადად მიღებულია ცენტრალური ჯვრის მკლავებითა და მათზე აღმართული გუმბათით. ჯვრის მკლავებიდან გვერდითები მოკლეა და ტოლი. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ღრმა მკლავები ორჯერ აღემატება გვერდითებს.
თვით გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთის ორ პილონზე. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხდება აფრული წესით. გუმბათის ყელი მეტად მაღალია, ამიტომ ვიწრო გამოიყურება. მას სიმაღლეს მატებს სარკმლების მეტად მაღალი მოთავსება. ეს მდგომარეობა არ არის ჩვეულებრივი, რადგან, სხვა ძეგლებში სარკმლები უფრო დაბალიცაა და მაღალიც. აქ, ასე მაღლა სარკმლის აწევა გამოწვეულია მკლავების კამარების ზემოთ მოთავსებული სამალავების გამო. ამ სახურავქვეშა სათავსებს გამოუწვევია ოთხივე მხარეს სახურავების ამაღლება. ამ უკანასკნელს კიდევ გამოუწვევია სარკმლების აწევა. გარედან ეს ცვლილება შესამჩნევი არ არის, მაგრამ შიგნით კი მნახველთა უსიამოვნო გაოცებას იწვევს.
ტაძრის შიდა კედლები თლილი ქვითაა შემოსილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კედლებზე შელესვა და ფრესკული მხატვრობა თავიდანვე არ ყოფილა. გვიანი დროის ფრესკის ფრაგმენტები კი ჯერ კიდევ ასიოდე წლის წინათ ყოფილა. შესაძლოა ამაზევე მეტყველებს სხვადასხვა სურათის მქონე ჩუქურთმის მოთავსება აფრებზე (გარდა სამხრეთ-დასავლეთისა) და ნაწილობრივ, პროფილირებული გუმბათქვეშა თაღები და მათი იმპოსტები. აგური გამოყენებულია აღდგენის დროს მუზარადის ფორმის გუმბათის კამარაზე.
სარკმლები თითოა ოთხივე მკლავში, ხოლო გუმბათის ყელში თითქმის თანაბარი ინტერვალით განლაგებულია ხუთი. ტაძრის დასავლეთი მხარე რთულია. იგი რამდენიმე ელემენტისაგან შედგება. ცენტრში მაღალი და განიერი ჯვრის მკლავია, გვერდებზე კი დაბალი ნავებია. ეს სამი ნავი ერთმანეთთან შეერთებულია ნახევარწრიული მოხაზულობის განიერი თაღებით. გვერდითი ნავები სანახევროდ ჩაბნელებულია, რადგან მათ არ გააჩნია საკუთარი სარკმლები.
ეკლესიის ინტერიერში ერთი არქიტექტურული დეტალია, რომელიც შესვლისთანავე იქცევს ყურადღებას. ესაა პროფილირებული სარტყელი, რომელიც შიდა კედლებს ერთ დონეზე გასდევს. იგი იწყება კონქის საფუძვლის დონეზე და ამ ხაზს არ ცვლის არსად, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კვეთს სარკმლებს ასეთივე სარტყელი, მაგრამ უფრო წვრილი, რომელიც გასდევს გუმბათს კამარის ძირში.
ეკლესიის საკურთხევლის გამყოფი კანკელი უხეში და ულამაზოა. თავდაპირველი კანკელი არ შერჩენილა, ეს კი ახალია (მის კედელში ჩაყოლებულია ძველი კანკელის ჩუქურთმიანი ქვების ფრაგმენტები).
ინტერიერში არსებული თაღები ნახევარწრიულია. მხოლოდ საკურთხევლის თაღია ოდნავ მოისრო, დასავლეთით მდებარე გვერდითი ნავების თაღებიც წრიულია, მაგრამ დაჭყლეტილად გამოიყურება, რადგან ცენტრი კაპიტელების ქვემოთაა. ხოლო. რაც შეეხება დასავლეთის კარს, მისი ისრული ფორმის ტიმპანი მიღებულია ორი ქვით ერთმანეთზე მიდებით.
დასავლეთის გვერდითი ნავების თავზე მდებარე სათავსებში მოხვედრა შეიძლება ცენტრალური მკლავის გვერდით კედლებში გაჭრილი პატარა კარებით. ტაძრის ფასადები თითო სიბრტყისაგანაა შემდგარი, არსად არავითარი შვერილი არ არის. სამხრეთით არსებული კარიბჭე გვიანაა მიდგმული. სამხრეთის კარის გვერდებზე მდებარე კრონშტეინები თავისთავად რომელიღაც თაღების საყრდენად უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. იყო თუ არა აქ კარიბჭე ან სხვა რაიმე მინაშენი, ამჟამად არ ირკვევა.
შენობა დგას მაღალ ცოკოლზე, რომელიც ფაქტობრივად შედგება მსხვილი ლილვისა და სწორკუთხა საფეხურისაგან. აღმოსავლეთით რადგან რელიეფი დაბალია, იმიტომ აქეთ მხარეს ცოკოლს კიდევ ემატება ორი საფეხური. შენობის დამამთავრებელი კარნიზი მარტივი პროფილის მქონეა. მასზე ჩუქურთმა არსად არაა ამოკვეთილი. ფასადები მთლიანად შემოსილია კარგად თლილი ქვით. ქვის ზომები სხვადასხვაა, ამიტომ არც რიგებია დაცული.
აღმოსავლეთ ფასადზე მთავარია ცენტრალურ არეში მოთავსებული დიდი ზომის სწორკუთხა ჯვარი. იგი განრთხმულია კედელზე. მისი მკლავების გადაკვეთის ოთხივე კუთხეში კვადრატული ჩუქურთმიანი ქვებია ჩასმული. ჯვარი უშუალოდ ეყრდნობა სარკმლის მოჩარჩოებას, მაგრამ ლილვები ერთმანეთზე არ არის გადაბმული. ორმაგ ლილვებს შიგნით ორნამენტოვანი არშია გასდევს. ასეა სარკმლებზეც, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ პირველთან ლილვი გრეხილია, მეორესთან - გლუვი.
ფასადზე კიდევ სამი სარკმელია. ერთი მათგანი დიდია, ორი - პატარა. ფასადი მორთულობით ასიმეტრიულია. მარჯვენა მხარეს სადიაკვნეს სარკმელი აქვს, სამკვეთლოს კი არა. სადიაკვნეს სარკმელი სწორკუთხაა, ლილვებით შემოფარგლული, ლილვებს შიგნით ორნამენტოვანი არშია უვლის. ზემოთ მდებარე სამალავების განათებისათვის გამოყენებული სარკმლების მორთულობიდან მარჯვენა კვადრატულია, მარცხენა - წრიული. ორივე შემთხვევაში სარკმელი ორნამენტშია გაჭრილი და თუ კარგად არ დააკვირდებით, ორნამენტს ქვეშ სარკმელს ვერ შეამჩნევთ.
მორთულობასთან დაკავშირებით აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ცენტრალური სარკმელი და მასთან დაკავშირებული ჯვარი კვადრატებით კედლის სიბრტყის ზემოთაა, რელიეფურია, ხოლო დანარჩენი ჩაკვეთილია. ეკლესიის დასავლეთის ფასადის აბრისი აღმოსავლეთისას იმეორებს, კარ-სარკმლების განლაგებაში კი განსხვავებაა. აქ ფრონტონი დაზიანებულია, კარნიზიდან კუთხეებია დარჩენილი.
დასავლეთით მხოლოდ ერთი კარია და ერთიც სარკმელი. ისინი ცენტრალურ ღერძზე არის განლაგებული. ფასადის დანარჩენი ნაწილი ცარიელია. მისი მორთულობაც მთლიანად კარ-სარკმელთანაა დაკავშირებული. მაღალ და წვრილ სარკმელს ლილვებს შორის მოთავსებული ორნამენტოვანი არშია უვლის. ლილვის შიგნით განიერი ფონი ჩუქურთმითაა დაფარული. სარკმლის ქვედა რიგის გვერდებზე თითო სწორკუთხა ქვა მთლიანად ჩუქურთმითაა დაფარული, შუაზე კი დაღარული კოპები აზით.
პორტალი მრავალფეროვნადაა მორთული. სწორკუთხა კარი შემოფარგლულია ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმიანი არშიით. გარე წყვილი ლილვების ქვედა ჰორიზონტზე შიგნით კუთხეს აკეთებს და ჩუქურთმიან კვადრატით მთავრდება. კარის ტიმპანზე მარტივი ჯვარია ამოკვეთილი. პორტალს გვერდებზე ცალკეული ჩუქურთმიანი კომპოზიციები შემოსაზღვრავს. ხუთი მედალიონი ასიმეტრიულადაა განლაგებული. ერთი მათგანი ზემოთაა ცენტრში, ხოლო ორ-ორი გვერდებზე, ამათგან ზედა რიგისა მომცროებია. ქვედა რიგისა კი - დიდები (ამასთან მარჯვენა თითქმის წაშლილია ქვის გამოფიტვის გამო). ზედა ცენტრალურს დაღარული კოპიც აზის.
სამხრეთ ფასადი ფორმით, მოხაზულობით განსხვავდება აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებისგან. ამ გრძელ ფასადს ცენტრალური ნაწილი აწეული აქვს და ფრონტონით მთავრდება. გვერდებზე კი ცალფერდა სახურავებია ჰორიზონტალური კარნიზით. აქ ფრონტონი დასავლეთისაზე ძლიერაა დაზიანებული; აღარაა ფრონტონის ცენტრი და მარცხენა ფრთა. მარჯვნივ კარნიზის მცირე ფრაგმენტია დარჩენილი.
ფასადის მორთულობა კარისა და ორი სარკმლის ირგვლივაა განლაგებული. მარჯვნივ ცალთვალა სარკმელია. ამ პატარა ზომის წრიულ სარკმელს კონცენტრულად უვლის ორნამენტოვანი არშია. სარკმლის ეს მედალიონი ამოკვეთილია კვადრატულ ქვაზე. წრესა და კვადრატს შორის დარჩენილი სამკუთხედები ოსტატს სპეციალურად ფოთლებით შეუვსია.
თავდაპირველი პორტალი დაფარულია გვიან მიდგმული კამაროვანი კარიბჭით. განიერი და შედარებით დაბალი კარი შემოფარგლულია სწორკუთხად. ფართო ორნამენტოვან არშიას შემოფარგლავს შეწყვილებული ლილვები. ეს ლილვები შიგნით ცოკოლთან კუთხეს აკეთებს და ჩუქურთმოვანი კვადრატებით მთავრდება. აღწერილ მოჩარჩოების ზემოთ და გვერდებზე თითო ჩუქურთმიანი ქვა უზის. ამათგან მარჯვენა წრიულია, ხოლო ორი დანარჩენი - კვადრატული.
ფასადის მთავარ მორთულობას ცენტრალური სარკმელი და მასთან დაკავშირებული ჯვარი წარმოადგენს. მაღალი და განიერი სარკმელი მოჩარჩოებულია ლილვებში ჩასმული ჩუქურთმოვანი არშიით. მის გარეთა ორმაგი ლილვის თაღზე დასმულია პატარა ჯვარი, ზემოთ მდებარეობს ორნამენტით დაფარული განიერი სწორკუთხა ქვა. ამ ქვის გაგრძელებაზე იმავე სიგანის მქონე ჯვარია. იგი როგორც ეტყობა სწორმკლავა იყო. მისგან დარჩენილია ცენტრი და მარჯვენა ქვედა მკლავი, თვით ჯვარი შედგენილია ფართო ორნამენტოვანი არშიისა და მოჩარჩოებული წყვილი ლილვებისაგან. ამათ გარდა, საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება ის მედალიონები, რომლებიც ჩასმულია იქვე, სარკმლის გვერდებზე.
ამ ფასადის ფრონტონის მარჯვენა ბოლოს, რესტავრირებულ ნაწილში, ჩადგმულია ცხვრის თავის გამოსახულება. იგი ალბათ, რომელიღაც ფასადის კეხს ამშვენებდა (შესაძლოა, აღმოსავლეთისა იყო, რადგან იქ კისრის ნაშთი ახლაცაა).
ჩრდილოეთის ფასადი იმეორებს სამხრეთის ფორმებს, მაგრამ მორთულობით მას ჩამოუვარდება. ჩრდილოეთის მხარეს გამოდის მხოლოდ ერთი სარკმელი და მორთულობაც მხოლოდ მის ირგვლივაა განლაგებული.
მაღალი და წვრილი სარკმელი სწორკუთხადაა მოჩარჩოებული, მას შემოვლებული აქვს წვრილი არშია, რომელიც ლილვებშია ჩამჯდარი. ამ ჩარჩოს თავზე ჩუქურთმიანი ლენტი გასდევს, ზემოდან კი კომპოზიციაზე ჯვარია დადგმული. მისი სამი მკლავი სწორკუთხაა, მეოთხე კი ზედა - თაღოვანი. თაღს გვირგვინივით ადგას ჩუქურთმიანი კოპი, რომელიც ნახევრად კედელშია ჩაფლული. სარკმლის ქვედა რიგზე აქაც კოპებიანი მედალიონებია დასმული.
ნაგებობის დამაგვირგვინებელი გუმბათი დაბალია. იგი ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. გუმბათქვეშა კუთხის შვერილების ზემოთ ქვის ერთი რიგი მას წრიულად უვლის. ამის ზემოთ იწყება გუმბათის ყელის საფუძველი, ლილვებიანი სარტყელი. ამ სარტყელზე მდგარი გუმბათი ვიწრო კარნიზით მთავრდება. გუმბათის ყელი ათწახნაგოვანია. თითოეული წახნაგი ცალ ცალკე თაღითაა შემოფარგლული. სარკმლის შემომყოლ ორნამენტოვან არშიას გარს უვლის შეწყვილებული ლილვი, რომელიც ეყრდნობა ბურთულებიან კვადრატებს. ორნამენტული არშია, რამდენიმეს გარდა, ბოლომდე არ არის მიყვანილი. სარკმლების შემომყოლ არშიებზე ჩუქურთმა, რამდენიმეს გარდა, დამთავრებული არ არის. თვით სარკმელი კი, ხუთია. ისინი ათ წახნაგზე თითოს გამოტოვებით მდებარეობენ. მათ შორის კი ცრუ სარკმლებია განლაგებული. გუმბათის წიბოზე, თაღების დონეზე თითო ჩუქურთმიანი კოპი ზის.
გუმბათის შემოსვასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ აქ აშკარად აღდგენასთან გვაქვს საქმე. გუმბათი რაღაც მიზეზით დაზიანებულა. შიგნით იგი თავდაპირველად თლილი ქვით ყოფილა ამოყვანილი, ხოლო აღმდგენელს კამარა მთლიანად აგურით აღუდგენია. გარედან კი რესტავრატორს გამოუყენებია ყველა გადარჩენილი ქვა და უცდია დაებრუნებინა თავ-თავის ადგილზე, ხელუხლებლად გადარჩენილია სამი სარკმელი. ასევე უნდა იყოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ორი სარკმელი. ჩრდილო-აღმოსავლეთის ცრუ სარკმელს მხოლოდ ზედა ნაწილი აქვს აღდგენილი. დანარჩენი სამხრეთ-დასავლეთის ოთხი სარკმელი აღდგენილია ძველი ჩუქურთმიანი ქვების გამოყენებით. რესტავრატორს ნაკლული ადგილები შეუვსია იმავე პროფილის უჩუქურთმო ქვებით. აღსანიშნავია, რომ მას გუმბათის კარნიზი არ აღუდგენია. მან დაადაბლა ისედაც დაბალი გუმბათი.
ეკლესია თავდაპირველად ლილვებიანი ლორფინებით ყოფილა დახურული. ქვედა კორპუსზე ლორფინები აღარ შრჩენილა. მათ მაგიერ უბრალო ფილებია. გუმბათზე კი არის შერჩენილი დაზიანებული ლორფინები. ახლა ძნელი სათქმელია, ისინი რესტავრატორმა გააკეთა, თუ ძველი გამოიყენა.
ტაძრის სამხრეთით, დგას XIV საუკუნის II ნახევარში აგებული ორსართულიანი სამრეკლო. სამრეკლოს პირველი სართული (607 X 6.9 მ) გალავანში შესასვლელი იყო. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში მცირე სარკმლებია. სართული გადახურულია კამარით, რომელიც შუაში და კიდეებში საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამრეკლოს შიდა კედლები შემოსილია თლილი ქვით. მეორე სართული თაღოვანი ფანჩატურია. ისრული თაღები მაღალი და განიერია. ფანჩატური რვაწახნაგაა, მაგრამ წიბოები ცუდად აქვს ჩამოკვეთილი და ცილინდრულს ჰგავს. თაღებს ზემოთ გასდევს ორ ლილვს შორის მოქცეული მოჩუქურთმებული არშია. არშიის ზემოთ, წიბოებზე, ჩუქურთმიანი კუწუბოებია დასმული. მათ ზემოთ გაყოლებულია ორ ლილვს შორის მოქცეული ფრიზი. ფრიზის თავზე მარტივი ლავგარდანია.
 სამრეკლოს ქვედა კორპუსის ფასადებიდან სამხრეთის ფასადი შედარებით უფრო პარადულია – აქედანაა ტაძრის ეზოში შესასვლელი. კარი მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოშია ჩასმული, რომელიც ძირითადად შედგენილია გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ორნამენტული ზოლისა და შეწყვილებული ლილვებისაგან, რომლებიც ბურთულებიან ბაზისებს ეყრდნობა. კარის მარჯვნივ ორი ჩუქურთმიანი ქვაა ჩასმული. ერთ ქვაზე ყურძნის ორი მტევანი თუ გირჩაა ამოკვეთილი. დასავლეთის ფასადის სარკმელი გრეხილ ლილვებს შორის მოქცეული ჩუქურთმითაა მორთული. სარკმლის თაღზე ორი ხვლიკისებრი ცხოველისა თუ ფრინველის გამოსახულებაა. მათ ზემოთ მცირე სწორკუთხამკლავებიანი ჯვარია. სარკმლის მარჯვნივ გამოსახულია მამაკაცის ფიგურა, (შესაძლებელია იგი კალატოზის იყოს) რომლის ირგვლივ ასომთავრულით შესრულებული წარწერაა. ეს რელიეფი გრეხილი ლილვებით შედგენილ განიერ და მაღალ ჩარჩოშია ჩასმული. ჩარჩოს ქვემოთ ამოკვეთილია მცირე ჯვარი.
გერგეტის სამება ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი სიამაყეა.
წყარო :dzeglebi.com ,

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...