“ქართულ დერბიში” ქუბრიაშვილმა გორგოძე-ჟღენტს მოუგო


ფრანგული “ტოპ 14”-ის მე-19 ტური გუშინ ტულონში “ქართული დერბით” გაიხსნა, რომელშიც დათო ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და ლევან ჩილაჩავას ვარსკვლავურმა “ტულონმა” მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიეს” დაძაბულ ბრძოლაში 19:6 მოუგო...

ორივე გუნდი საფლეიოფო ექვსეულში მოსახვედრად (“ტოპ 14”-ში რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ საჩემპიონო ბრძოლას 6 საუკეთესო გუნდი აგრძელებს ფლეი-ოფში) იბრძვის, ამიტომაც ურთიერთდაპირისპირებაში აღებულ ქულებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.
ამ ყოველივეს ინტრიგას მატებდა ის ფაქტიც, რომ სულ ცოტა ხნის უკან მამუკა გორგოძემ სასამართლო პროცესი მოუგო “ტულონის” მფლობელს მურად ბუჯელალს, რომელიც წინასწარი კონტრაქტის დარღვევისათვის მისგან კომპენსაციას ითხოვდა.
აშკარად იგრძნობოდა, რომ “ფელიქს მაიოლის” გულშემატკივრები აგრესიულად იყვნენ განწყობილნი “მონპელიეს” წინააღმდეგ და თავიანთ მორაგბეებს საომრად განაწყობდნენ.
მატჩის ბედი ბოლო 10 წუთში გადაწყდა, როდესაც ყვითელი ბარათის გამო რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილმა “მონპელიემ” საჯარიმო ლელო მიიღო შერკინების ზედიზედ განგებ ჩაშლის გამო. 19-დან 14 ქულა “ტულონს” ფეხმარჯვე დარტყმებით ჯონი უილკინსონმა მოუტანა. ტურის სხვა მატჩები დღეს გაიმართება.
“ტულონი” – “მონპელიე” 19:6 (3:3)
(“ტულონი”: დავით ქუბრიაშვილი 67-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, კოტე მიქაუტაძე და ლევან ჩილაჩავა განაცხადში არ იყვნენ - “მონპელიე”: მამუკა გორგოძე სასტარტოში გამოვიდა და შეუცვლელად ითამაშა, გიორგი ჟღენტი სასტარტოში გამოვიდა და 58-ე წუთზე შეცვალეს, მიხეილ ნარიაშვილი საქართველოს ნაკრებშია გამოძახებული, გოდერძი შველიძე განაცხადში არ იყო).     

წყარო:presa.ge  ,ალექსანდრე ანდრიაძე

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...