მომავალი წლიდან შესაძლოა, ერთიანი ეროვნული გამოცდები გაუქმდეს

მომავალი წლიდან, შესაძლოა, ბავშვებს ეროვნული გამოცდების ჩაბარება აღარ მოუხდეთ და უმაღლეს სასწავლებლებში მხოლოდ საატესტატო გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხონ. "რეზონანსის" ინფორმაციით, განათლების სამინისტროს ამ გეგმაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. თუმცა, ჯერჯერობით ამაზე ღიად არავინ საუბრობს....
ეროვნული გამოცდების გაუქმების შესახებ აქტიური საუბარი საშუალო სკოლებშია დაწყებული. როგორც უფროსკლასელები ამბობენ, მათ უთხრეს, რომ მომავალი წლიდან მხოლოდ საატესტატო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ და, შესაძლოა, სასკოლო საგნებს დაემატოს უნარების გამოცდაც.

"რეზონანსმა" სცადა, ამ თემაზე ოფიციალური კომენტარი მოეპოვებინა, მაგრამ განათლების სამინისტროს პრესსამსახურმა საერთოდ არ გვიპასუხა. გამოცდების ეროვნული ცენტრის პრესამსახურის ხელმძღვანელმა კი მხოლოდ ის გვიპასუხა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს და მისთვის გაუგებარია, თუ "ასეთი სისულელე საიდან მოვიტანეთ".

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გოკა გაბაშვილმა კი გვითხრა, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცის და "ასეთი რამ პირველად ჩვენგან გაიგო". არადა, საინტერესო ის არის, რომ განათლების სამინისტროს ვებგვერზე განთავსებულია ინფორმაცია, სადაც საუბარია ხუთწლიან სამოქმედო გეგმაზე და აქ ერთ-ერთ გეგმად მოხსენიებულია "საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების დახვეწა". თუმცა, რას ნიშნავს დახვეწა, ამაზე არაფერი არ არის ნათქვამი და ადვილი შესაძლებელია, რომ სწორედ გაუქმება თუ გაერთიანება იგეგმებოდეს.

თავისთავად გამოცდების გაერთიანებას ექსპერტი ზურაბ ვახანია დადებითად აფასებს და ამბობს, რომ "თავისთავად თუ კარგად იქნება ორგანიზებული საატესტატო გამოცდები, მაშინ უმაღლეს სასწავლებელში ამ გამოცდებით ჩარიცხვა სრულიად ლოგიკური იქნება. ცხადია, ამას უნდა დაემატოს უნარების გამოცდებიც. უბრალოდ, გამოცდების გამეორებას არანაირი აზრი არა აქვს".

მისი თქმით, თუკი გამოცდების გაერთიანება მოხდება, ეს აუცილებლად გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უნდა ჩაატაროს, რადგან "დღეს ჩვენთან სკოლების ნდობა არ შეიძლება".

რუსიკო მაჩაიძე
გაზეთი ”რეზონანსი”


წყარო: ambebi.ge


LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...