ლამაზი გამარჯვება ბუქარესტული ომის წინ

რამდენიმე მნიშვნელოვანი მორაგბით გაძლიერებულმა და ტრანსფორმაციის პერიოდში მყოფმა საქართველოს ნაკრებმა სასაიმოვნო რაგბი აჩვენა “ერთა თასის” მეორე ტურში და თბილისის “ავჭალაზე” პორტუგალია გაანადგურა 32:7....

“ეს ჩვენი პირველი მატჩი იყო მიმდინარე წელს სახლში, საკუთარი გულშემატკივრების წინაშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის წარმატებით დავასრულეთ” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ “ბორჯღალოსანთა” მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა და ეს ერთის შეხედვით მარტივი შეფასება კარგად გამოხატავს გამარჯვების მნიშვნელობას ესპანური მარცხის შემდეგ.
კარგად ჩანდა, რომ ქართული გუნდი მეტად მოტივირებული და მობილიზებული იყო, იგრძნობოდა დიდი პასუხისმგებლობა და სურვილი, რომ მცირეტევადიან სტადიონზე მისული ერთგული ხალხისათვის სიხარული ეჩუქებინათ.
ვნახეთ სიახლეები სხვადასხვა მიმართულებით: მთავარი მწვრთნელი შემადგენლობის როტაციას და მორაგბეების სხვადასხვა პოზიციებზე გამოცდას აგრძელებს და ეს პროცესი ჯერ კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.
მთლიანად გამოიცვალა შერკინების პირველი ხაზი, სადაც ბურჯებად კაკოვინი და ქუბრიაშვილი იდგნენ, მათ ჰუკერად გამოცდილი ბელქანია კრავდა. მესამე ხაზიდან 4 ნომერზე იქნა გადაყვანილი უგამოცდილესი ჩხაიძე. 9 ნომერზე ახალგაზრდა და გამოუცდელი ბეგაძე დადგა. 8 ნომერი ჩვენმა ლიდერმა გორგოძემ დაიკავა და ერთ-ერთი საუკეთესო მატჩიც ჩაატარა - მამუკა კიდევ უფრო გაზრდილია, როგორც მორაგბე და როგორც სპორტსმენი, საამაყოა, რომ ასეთი მოთამაშე გვყავს გუნდში. ფულბეკის პოზიცია ამჯერად ჰეიგმა შკინინს ჩააბარა (აშკარაა, რომ ეს პოზიცია ერთ-ერთი ყველაზე პრობლემატურია სადღეისოდ ნაკრებში). აბუსერიძის არყოფნაში “ბორჯღალოსნებს” პირველად უკაპიტნა კაჭარავამ და ყველაფერი დადოდ მოედანზე, რათა ღირსეული ყოფილიყო.     
სატურნირო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 4 ლელო დავდეთ და დამატებითი შეტევითი ბონუსქულა ავიღეთ (4 ან მეტი ლელოდ დადების შემთხვევაში გუნდს 1 შეტევითი ბონუსქულა ემატება 4+1, ხოლო 7 ან ნაკლები ქულით მარცხისათვის 1 დაცვითი ბონუსქულა).
ამასობაში ყველასათვის მოულოდნელად რუმინეთმა სოჭში ბონუსქულით გაანადგურა რუსეთი 25:0, რაც იმას ნიშნავს, რომ 2012 წლის “ერთა თასის” გამარჯვებულის ბედი ფაქტობრივად 10 მარტს ბუქურესტის “არკულ დე ტრიუმფზე” რუმინეთი-საქართველოს ბრძოლაში გადაწყდება.
2012 წლის ევროპის “ერთა თასი” თბილისი “ავჭალა” (2100 მაყურებელი)
 საქართველო - პორტუგალია 32:7 (7:0)
საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი (21. ირაკლი ჩხიკვაძე 58), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე (22. ბექა წიკლაური 69), 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე (20. ბიძინა სამხარაძე 64); 1. ვასილ კაკოვინი (17. მიხეილ ნარიაშვილი 74), 2. რევაზ ბელქანია (16. შალვა მამუკაშვილი 64), 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი (19. გივი ბერიშვილი 69), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (18. დიმიტრი ბასილაია), 8. მამუკა გორგოძე.
მთავარი მწვრთნელი: მილთონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
4 ლელო: შარიქაძე, შკინინი, ბელქანია, ქუბრიაშვილი
3 გარდასახვა: კვირიკაშვილი
2 ჯარიმა: კვირიკაშვილი
რუსეთი - რუმინეთი 0:25
 უკრაინა - ესპანეთი 6:41
1.რუმინეთი             2    2    0    0    40-7    9
2.ესპანეთი               2    2    0    0    66-24  9
3.საქართველო        2    1    0    1    50-32  6
4.რუსეთი                 2    1    0    1    33-57  4
5.პორტუგალია       3    0    0    3    46-80  2
6.უკრაინა                 1    0    0    1    6-41    0
10 მარტი
რუმინეთი - საქართველო
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უკრაინა


წყარო:presa.ge ლექსანდრე ანდრიაძე

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...