გედევანიშვილი ფინალში მე-7 შედეგით გავიდა

 

ფიგურულ ციგურაობაში საუკეთესო ქართველ სპორტსმენ ელენე გედევანიშვილს კარიერის საუკეთესო სეზონი უდგას. შეგახსენებთ, რომ იანვრის მიწურულს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე,...
22 წლის გედევანიშვილმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, მსოფლიოს პირველობის მოკლე პროგრამის შემდეგ კი, მეშვიდეა და კონკურენტებს სულ მცირედით ჩამორჩება, არადა, მსოფლიოზე მისი საუკეთესო შედეგი მეათე პოზიციაა.
ფრანგულ ნიცაში მიმდინარე ტურნირში გედევანიშვილი ერთ-ერთი ფავორიტის რანგში ჩაერთო და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. ელენეს მოკლე პროგრამებისთვის სეზონის საუკეთესო შედეგი (57.14 ქულა) გასულ ევროპის ჩემპიონატზე ჰქონდა ნაჩვენები, ამჯერად კი 58.49 ქულა (30.86 ტექნიკური ელემენტებისთვის+27.73 პროგრამული კომპონენტებისთვს) მოაგროვა.
აღნიშნული შედეგით ქართველი გოგონა მე-7 ადგილზე დამკვიდრდა, თუმცა, პირველ საფეხურზე მყოფ რუს ალიონა ლეონოვას მხოლოდ ექვსიოდ ქულით ჩამორჩება, რაც თავისუფალი პროგრამის წინ, კატასტროფული სხვაობა სულაც არ არის. ლეონოვას გარდა, გედევანიშვილზე წინ აღმოჩნდნენ იაპონელები კანაკო მურაკამი, მაო ასადა და აკიკო სუძუკი, იტალიელი კაროლონა კოსტნერი და რუსი კსენია მაკაროვაც.
ტრადიციისამებრ, ფინალურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება საუკეთესო 24-მა სპორტსმენმა მიიღო, რომლებიც თავისუფალ პროგრამას მსოფლიოს ჩემპიონატის, დასკვნით დღეს, 31 მარტს შეასრულებენ. ასპარეზობა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება და მისი ტრანსლაციას ტელეკომპანია «ევროსპორტი» გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ თავისუფალ პროგრამაში გედევანიშვილის საუკეთესო შედეგი სწორედ ბოლო ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება, როდესაც 108.79 ქულა მოაგროვა და ამასთან, საუკეთესო ჯამური შედეგიც დააფიქსირა – 165.93.
Newsaz.com

No comments:

Post a Comment

LinkWithin

Related Posts Plugin for WordPress, Blogger...